საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19″-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ.
შსს-ს ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები