კახა კალაძე: ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
“მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, წარვდგე ადამიანების წინაშე, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი საკუთარი მხარე, ქვეყანა და განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში.
თქვენი ულამაზესი მხარე პირველსავე ჯერზე ახერხებს, აღაფრთოვანოს სტუმარი. ადამიანს, ყოველი შემდეგი ვიზიტის შემდეგ უფრო და უფრო უყვარდება ეს კუთხე – სამეგრელო, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მარგალიტი წალენჯიხაა, ადგილი, რომელიც უკვე საუკუნეებია უდიდეს ისტორიას ინახავს.
აქ, ამ ტერიტორიებზე ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, შუა საუკუნეებში კი წალენჯიხა სამეგრელოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. ეს ნათლად მიანიშნებს, ამ ქალაქის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს აწმყო და მომავალი, რომელიც ყველამ ერთად, ერთიანი მუშაობით უნდა შევქმნათ. თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის უკან წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ერთ დიდ უძრაობის ჭაობში იყო ჩაძირული. არათუ განვითარება იყო შეფერხებული, არამედ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მთელი სახელმწიფო რესურსი კი ერთი ადამიანის გარემოცვის ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი. ასევე, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები.
ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
2012 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მთელი სოფლები გვაქვს ფეხით შემოვლილი სამეგრელოში და კარგად მახსოვს თვალცრემლიანი მშობლები, რომლებსაც ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავიანთ შვილებს წიგნებიდან მიეღოთ განათლება. ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებიდან სწავლობდნენ პატარები. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დალაგებული ხვდებათ, ყველანაირი გადასახადის გარეშე.
თუმცა ამ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არსებობს გამოწვევები პრობლემები, რომელზეც ჩვენ საუბარი არ გვერიდება. რა თქმა უნდა თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ეს გამოწვევები რაც შეიძლება, ძალიან სწრაფად დავძლიოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ. ამას სჭირდება ჩვენი ერთად მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა პრობლემას, რომელიც წალენჯიხას აწუხებს, რომელიც სამეგრელოსა და ზოგადად, საქართველოში არსებობს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”-განაცხადა კახა კალაძემ.