ისტორიები გმირებზე – ფორე მოსულიშვილი

– სადაური ხარ? – ჰკითხა ოფიცერმა.

– ქართველი

– აჰა, ქართველი, ქართველი … – გაიმეორა კომენდანტმა და უცებ იყვირა: დაიჩოქე! ფორე კიდევ უფრო გაიმართა წელში და თვალი თვალში გაუყარა. კომენდანტმა ერთხანს უყურა ფორეს, მერე მათრახი მოიმარჯვა და გადაუჭირა.

ფორე არც შერხეულა, მოულოდნელად მოუქნია მკლავი და სახეში გაარტყა … კომენდანტი მოცელილივით დავარდა მიწაყრილზე. მისი დაცვა და ტყვეები გაოგნებისგან გაშეშდნენ …

კომენდანტი ძლივს წამოდგა, ყურიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ჯარისკაცებს ანიშნა უკან დაიხიეთო და აკანკალებული ხელით ამოიღო პარაბელუმი … შეტრიალდა და წავიდა …

საღამოს ფორემ თავის მეგობარ ისაკ ძამსაშვილს უთხრა: „ეს კაცი მართლა ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა!“ ისაკი იგონებს: „თავიდან ვერ გავიგე, რა იგულისხმა ფორემ, მერე მივხვდი, რომ უიარაღო ტყვის საჯაროდ დახვრეტა, სახეში გარტყმის გამო, საკუთარი უღირსობის დემონსტრაცია და შიშის აღიარება იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს კომენდანტი ბარონი იყო”.


ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წლის 20 ივლისს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის დამთავრებისთანავე, 1939 წელს, გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ ფორე სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში. ომის პირველი დღეებიდანვე ფრონტზე აღმოჩნდა. ერთ–ერთ ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

პირველ ხანებში ფორე პოლონეთში, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. აქ იყო ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის. 1943 წლის დამლევს პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი გაიქცა ტყვეთა ბანაკიდან და სხვა  ქართველებთან ერთად შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა „რემო სერვადეის“ 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.

პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლები. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე მას დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა – ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ და არც იტალიური ვიციო…

1944 წლის სექტემბრის ბოლოს დაბა დომოდოსოლოს რაიონში ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. მის სიმამაცეზე ლეგენდები დადიოდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსას“ გორაკზე მდებარე ერთ პატარა ქოხში ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანთა ერთი ჯგუფი ალყაში აღმოჩნდა. იქ მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო, დანარჩენები კი იტალიელები.  ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი, სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ. ფორე მოსულიშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლი მარიო ძინონი იხსენებს:

„ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე…“

ზაქარია მოსულიშვილი ძმის საფლავზე

იტალიის მთავრობამ არ დაივიწყა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წელს გამოსცა დეკრეტი მისთვის ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისთვის” გადაცემის შესახებ. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად მიიჩნევა და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს მედლის მფლობელ ჯარიკაცს.

გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველების აქტიური მონაწილეობისა და მათ მიერ გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ტორინოს პროვინციის სუზის ხეობის კონდოვეს ერთ–ერთ ქუჩას იტალიელებმა „ქართველ პარტიზანთა“ სახელი უწოდეს. ქუჩის თავში აღმართულ სვეტზე გაკეთდა წარწერა: „ქართველ პარტიზანთა ქუჩა. სუზის ხეობაში საბჭოთა საქართველოს მამაცი და დაუმორჩილებელი შვილები იტალიელი ძმების მხარდამხარ იბრძოდნენ პარტიზანულ ფორმირებებში 1944–1945 წლებში იტალიისა და ევროპის თავისუფლებისათვის. მარადიული დიდება ფაშისტ მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლებში დაცემულ გმირებს!“.

ფორე მოსულიშვილი დასაფლავებულია ქ. არონაში (ჩრდილოეთ იტალია). 1990 წელს ქართველ მებრძოლს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაც მიენიჭა. მის ხსოვნას მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი „ალპური ვარსკვლავი“ (1979 წელი, სცენარის ავტორი და რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი); სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში გახსნილია ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები