არჩილ თალაკვაძე: ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების” ყურადღების ცენტრში

„პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ჩვენი სახელისუფლებლო გუნდი აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მომავალი – დღეს ეს არის „ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლანჩხუთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული რეფორმების და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მმართველი გუნდი მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა შეძლო.

„ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის მშვიდობა და ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების” ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი და უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება სრულად. ჩვენ შევქმენით ნამდვილად ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველა სახელმწიფო სერვისი ადამიანზეა ორიენტირებული, პირველ რიგში კი ეს არის ჯანდაცვის სისტემა, სადაც უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაა განხორციელებული.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სწორედ წლევანდელმა წელმა დაადასტურა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედპერსონალს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა შრომისთვის და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იდგება კოვიდ-19-თან მებრძოლთა გვერდით მანამ, სანამ გლობალური პანდემია არ დამარცხდება, არ დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ქვეყანა ნორმალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პროცესს არ დაუბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებლო გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აკეთებს უპრეცენდეტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მისივე თქმით, ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში და დაგეგმილია დაფინანსების გაზრდა მომავალ წლებშიც. ამას გარდა, იდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.

„ეს ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასებს პედაგოგებისთვის, ახალ სკოლებს, უნივერსიტეტებს, უფრო ხარისხიან და კონკურენტულ განათლებას თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში, რაც თავისთავად, უკვე ნიშნავს მეტ დასაქმებას, უფრო შემოსავლიან სამსახურებს და მეტ შემოსავალს თითოეულ ოჯახში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა გურიაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებაც და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე წარმატებით მიიყვანს. მისივე თქმით, ახალი სამეწარმეო პოტენციალის მხარდაჭერა, ახალი, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც შეიძლება, მეტი ადამიანის დასაქმება იქნება „ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც. ამ კონტექსტში, კი, ყურადღება განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე გამახვილდება.

„ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდი ყურადღება ექნება ამ საქმეს”,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს გურიის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც გურიაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა – ეს არის არამხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ეს არის გურია უკვე ახალი, სრულიად განსხვავებული სახით მსოფლიო ეკონომიკურ, კულტურულ რუკაზე და ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საქმე შიდა ტურიზმს ეხება. უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე, აქ არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა შექმნილი, როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე, სასტუმრო „პარაგრაფი” და ეს კომპლექსი, „ბლექ სი არენა” , დენდროლოგიური პარკი, გასართობი პარკი „ციცინათელა”, არაერთი სხვა პროექტი, რაშიც ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის ჩადებული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებასთან ერთად, პრიორიტეტად რჩება მთის განვითარება. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად იმუშავებს, რათა გომის მთისა და ბახმაროს განვითარების ტემპები დაჩქარდეს, განხორციელდეს თანამედროვე პროექტები და აღნიშნული კურორტები ევროპული სტანდარტების დონეზე იქნას მიყვანილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძეს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ვასილ ჩიგოგიძე – ჩოხატაურიდან, ნინო წილოსანი – ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან – მე – ჩვენ სამნი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევაერთოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო მეტი ჩვენი გურიისთვის – ლანჩხუთისთვის, ჩოხატაურისთვის და ოზურგეთისთვის”,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, სახელისუფლებლო გუნდი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მზად არის აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები