თბილისსა და იმერეთში რესტორნები, გასართობი დაწესებულებები 22:00 საათამდე იმუშავებს

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ეპიდემიოლოგები და ქალაქის მერი, რათა მიეღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„დღეს ჩვენ გვქონდა მთავრობის სხდომა, ამავდროულად, მთავრობის წევრების გარდა მოწვეული გვყავდა ეპიდემიოლოგები, ქალაქის მერი, ძირითადად იმისთვის, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლები ინფიცირების. გუშინ იყო მაგალითად 381 000. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში, ჩვენ ნიშნულს – 1000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჯერ გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნების”, თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ყველას უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ამ მიმართულებით იმ ეპიდ-მდგომარეობიდან, რომელიც მე ვთქვი და მოგახსენეთ, რომ არის 919 ახალი ინფიცირების შემთხვევა, საიდანაც 366 გახლავთ თბილისი, 286 აჭარა და 104-იმერეთი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, აქ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია პირველ რიგში რა თქმა უნდა – მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებზე, როგორც კერძო ისე სახელმწიფო და ჩვენს მოქალაქეებზეც,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები