შსს-მ პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 1 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.