კახა კალაძე დავით გარეჯის საქმეზე: დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ
“რა შუაშია ივანიშვილი?! – არასწორი ლოგიკაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების და ასევე, გამოძიების ხელთ არსებული რუკების საქართველოში ჩამოტანასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა.
“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული. რა შუაშია ივანიშვილი?! – არასწორი ლოგიკაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.