ალექსანდრე სარიშვილი: ტყუილია, რომ ლანჩხუთში „ქართული ოცნებიდან” ვინმე „სოლიდარობის ალიანსში” გადავიდა

პარტია „ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ალექსანდრე სარიშვილი „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდიდან რამდენიმე პირი მათ რიგებში გადავიდა.

ალექსანდრე სარიშვილი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„სოლიდარობის ალიანსის განცხადება, თითქოს, ჩვენი პარტიის რიგებიდან მათ გუნდში ვინმე გადავიდა, მტკნარი სიცრუე და სრული აბსურდია. პირები, ვისზეც არის საუბარი, სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდნენ და ეს ახალი არ არის. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ წლების განმავლობაში.

ასეთი განცხადებები სხვა პარტიების მხრიდან წინა წლებშიც გვესმოდა. მაგალითად, „ევროპული საქართველო” მუდმივად ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნებიდან” რიგი პიროვნებები მათთან გადადიოდნენ, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ ეს პირები „პატრიოტთა ალიანსიდან” იყრიდნენ კენჭს და მათ ბანერებს ქუჩაში ვხედავდით. მინდა, მოვუწოდო „სოლიდარობის ალიანსს”, ნუ დაემსგავსებიან „ნაცმოძრაობას” და საარჩევნო კამპანიას ტყუილზე ნუ ააგებენ”, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” წევრები მოსახლეობასთან შეხვედრისას აცხადებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მხარდაჭერით სარგებლობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„არის შემთხვევები, როცა ამ პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობას ეუბნებიან, თითქოს, „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვთ, რაც ასევე სიცრუე და სიყალბეა.

„მინდა, ვთქვა, რომ ნებისმიერი პარტიის განცხადება, თითქოს არჩევნებში „ქართული ოცნებასთან” შეთანხმებით იყრის კენჭს, არის ტყუილი, რადგან მსგავსი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. ასეთი განცხადებები რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები