“თავდაცვის მინისტრის მიზანი ჯარისა და ქვეყნის გაძლიერებაა” – სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას” მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანის თავდაცვის ძალებისთვის გადაცემას ეხმაურებიან.
მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს ჯარის ავტოპარკის შევსება ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით მოხდა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საჭირო და სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგა, საქმე შეეხება სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას” მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორის”, მათ შორის, „დიდგორი მედევაკი” და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანების თავდაცვის ძალებისთვის გადაცემას.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღნიშნული არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ჯარის ავტოპარკის შევსება ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით მოხდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი გამოჩენა ლოგიკური და დროული არის, რადგან „დიდგორმა” და „დიდგორი მედევაკმა” საკუთარი შესაძლებლობები და კონკურენტებთან უპირატესობა არაერთხელ დაადასტურა. (შეგახსენებთ, რომ „დიდგორი მედევაკი” უკვე ირიცხება სხვა ქვეყნის, თავდაცვის ძალებში).
გუშინდელი დღე, თავისი მნიშვნელობით აუცილებლად შევა ქართული ჯარის ისტორიაში, რადგან პირველად მოხდა, რომ ადგილობრივმა წარმოებამ შეძლო ქართული ჯარის საჭიროებების დაკმაყოფილება. ,,დელტას,, ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოების ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა, რაც გააძლიერებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ კონკრეტულ საწარმოს, არამედ – ქართულ ჯარსა და ეკონომიკას, რადგან ქართულ ეკონომიკაში ათეულობით მილიონი ლარი რჩება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლის ერთადერთ მიზანს ჯარისა და ქვეყნის გაძლიერება წარმოადგენს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.