დავით გარეჯის საკითხი გასულ წლებში, ყოფილი ხელისუფლების პერიოდშიც აქტუალური იყო. აღნიშნულ თემაზე, არქივში იძებნება მასალები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარეჯის ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა.
მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკა რურუა ამბობდა, რომ, ისტორიული დაუდევრობის გამო, დავით გარეჯი აზერბაიჯანის საკუთრებაა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიულად საქართველოს ნაწილი იყო, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ისევე, როგორც ტაო-კლარჯეთი, მაგრამ, უკუღმართობის, უბედობის გამო, თურქეთს ეკუთვნის”, – აცხადებდა რურუა.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ნინო წილოსანი ამბობდა, რომ დავით გარეჯი სადაცო ტერიტორიების ნაწილს არ განეკუთვნებოდა.
“დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილს რაც შეეხება, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში. ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სადაო ტერიტორიების საკითხი მალე გაირკვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნაწილი სადაო ტერიტორიების ნაწილს არ განეკუთვნება”, – ამბობდა ნინო კალანდაძე.
ამ მოსაზრებას მაშინვე უარყოფითი რეაქცია მოყვა საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან. მათი შეფასებით, პოლიტიკოსების ეს განცხადება მოულოდნელი და ნაჩქარევი იყო.
“ნამდვილად არ ველოდით, რომ ყველაფერს წყალი გადაესხმებოდა. გვარწმუნებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ საკითხზე და გუშინ ვიგებთ ამბავს, რომ ეს აღარ არის საქართველოს შემადგენლობაში”, – აცხადებდა მიქაელ ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ის პირები დააკავა, რომელთა ბრალეულობით საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ორი პირია დაკავებული.