დავით ზალკალიანმა საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც იაპონიის მთავრობის ინიციატივითა და ჯგუფის თანათავმჯდომარეების – იაპონიის, საქართველოსა და ტაილანდის, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამასპინძლობით დისტანიურ რეჟიმში გაიმართა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ასევე გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰერიეტა ფორი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალ კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლის საქმეში საყოველთაო ჯანდაცვის როლისა და მნიშვნელობის შეფასება და ამ მხრივ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება; ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის მაღალი დონის შეხვედრის პოლიტიკური დეკლარაციის შესრულების საჭიროების ხაზგასმა და საყოველთაო ჯანდაცვისა და კოვიდ 19-ის თემებზე გაეროს გენერალური მდივნის ახალი დოკუმენტის განხილვა.
გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის უფლების, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათაგან ერთ-ერთის რეალიზაციის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საკვანძოა მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის (ყველა ასაკში ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა) მიღწევისათვის, წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის გზაზე ფინანსური ბარიერების აღმოფხვრის მნიშვნელოვან მექანიზმს.
მინისტრმა მიმოიხილა COVID19-თან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღწერულ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დაიწყო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა.
საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფი შეიქმნა იაპონიის ინიციატივით და ის წარმოადგენს არაფორმალურ პლატფორმას წევრი ქვეყნებისათვის, რომლის ფარგლებშიც ხდება მოსაზრებათა გაცვლა და ინფორმაციის გაზიარება 2030 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევის მხარდამჭერი ინიციატივებისა და გზების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დეკლარაციის ტექსტზე მთავრობათაშორის მოლაპარაკებებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის თემაზე 2019 წლის სექტემბერში გამართული მაღალი დონის შეხვედრისას იქნა მიღებული, გაერო-სთან საქართველოსა და ტაილანდის მუდმივი წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.