„ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.

როგორც პროცესზე პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა განცხადა, ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეები არსებობს.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. მან სრულად გაიზიარა ის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, მიიჩნია დასაბუთებულად და ამის გათვალისწინებით შეეფარდათ პატიმრობა. გამოძიება გრძელდება და მოტივისა და მიზეზების შესახებ დამატებით გეცნობებათ. საქმის მასალებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, დამატებით დეტალების შესახებ გამოძიების დასრულების შემდგომ გეცნობებათ“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

„მე ვარ ადვოკატი, პოლიტიკურ სარჩულზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლაშა გურგულიანი წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაულო. მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და არც ბუნებაში რაიმე მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა ძალადობა. დაზარალებული უჩვენებს, რომ სამი სცემდა. ბრალდებულები უჩვენებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ ჩაიდინეს, სამმა პირმა ძალადობა და სცემეს დაზარალებულს. ლაშა გურგულიანს საერთოდ არ ჩაუდენია ეს ძალადობა და დაზარალებულმა ასევე ვერ ამოიცნო გურგულიანი. ამდენად, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება, არის დაუსაბუთებელი და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასმართლოში“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ჩივაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრს, თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე თავს დაესხნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები