ომი ომია, ხოლო ბიუროკრატია გრაფიკის მიხედვით, ყველგან ერთი და იგივე. როგორც კი 4 ოქტომბერს შუშიში კულტურული ცენტრის დაბომბილ შენობას მივუახლოვდით (სომხური ვერსიით, ქალაქის სახელი არ იხრება – რედ.), პოლიცია გვიახლოვდება. შენობის გადაღებას გვიკრძალავენ და ჩვენი ვინაობის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მივყავართ.
სანამ ისინი ჩვენს დოკუმენტებს ნახევარი საათის განმავლობაში ამოწმებენ და ჩვენ აღშფოთებულები ვართ, ზორბა პოლიციელი – გეორგი გასული დღეების ამბებს გვიყვება.
როგორც იქნა, შენობის დათვალიერების უფლება მოგვცეს, მაგრამ – მხოლოდ გარედან. გვეუბნებიან, რომ იქ მაშველები მუშაობენ და შესვლა საშიშია.. ჩვენი მძღოლი, სინოდი ამბობს, რომ როდესაც შენობა დაბომბეს, იქ 600 სამხედრო და პოლიციელი იმყოფებოდა. მისი თქმით, ისინი სპეციალურად შეიკრიბნენ სამოქალაქო დაწესებულებაში, იმედი ქონდათ, რომ არ დაბომბავდნენ. ”მაგრამ მოღალატე გვყავს, ვინც ისინი ჩაუშვა. როგორც ჩანს, არც ისე ცოტაა ასეთი ”, – ბრაზობს სინოდი.
კულტურის ცენტრს რაკეტა შუაში მოხვდა, ნამსხვრევები 50 მეტრის რადიუსშია მიმოფანტული. ერთი “სმერჩი“ ( რაკეტა) არ აფეთქდა. იქვე ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველები დგანან. ერთ-ერთი მათგანი, ჰარუთი გვეუბნება რომ 4 ოქტომბერს კლუბში მართლაც მიმდინარეობდა სამხედროების შეხვედრა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მაშველებმა შენობიდან უკვე 19 გვამი გამოიტანეს.
ფრანგი ჟურნალისტები გვეუბნებიან, რომ აქ იყვნენ, როდესაც შენობას რაკეტა მოხვდა. მათი თქმით, 21 ადამიანი დაიღუპა.
ფრანგებსა და მაშველებთან საუბრის შემდეგ, კლუბის მოპირდაპირე საცხოვრებელი კორპუსებისკენ წავედი. მოულოდნელად სირენის ხმა გაისმა – კოლეგები, მაშველები და პოლიცია კულტურის ცენტრის სარდაფისკენ გაიქცნენ. მე იქვე, ნახევრად დანგრეულ შენობას შევაფარე თავი.
სირენა მალევე მიჩუმდა და გარშემო ყველაფერი ძალიან მშვიდი ხდება. დრო თითქოს იყინება. წვიმს და ღია სადარბაზოს კარიდან ვხედავ კნუტს, რომელიც გატეხილი მინის ფრაგმენტებზე გადადის. უკან მოზრდილი კატა მოჰყვება, ალბათ, მისი დედა.
ქუჩის მეორე მხრიდან საუბრის ხმა მესმის. ფრთხილად ვიყურები და ვხედავ – ორი მოხუცი შუა ქუჩაში მშვიდად საუბრობს, თითქოს, არც არაფერი ხდება. ვყვირი: “უკვე გამოსვლა შეიძლება?” მათ, როგორც ჩანს, არ ესმით, რატომ ვიმალებოდი.
როგორც კი გარეთ გავდივარ, სამი აფეთქების ხმა ისმის, „შორია, ეს ალბათ სტეპანაკერტშია”, – ამბობს შავქუდიანი კაცი. მას მიხეილი ჰქვია და პროფესიით შემდუღებელია – შვილი ფრონტზე ახლახან გააგზავნა, თვითონაც მოხალისედ დარეგისტრირდა და გაწვევას ელოდება. ”ნამყოფი ხართ სტეპანაკერტში? დიდი ეკლესია გინახავთ? სახურავი ჩემი გაკეთებულია. შუშის ნახევარიც ჩემი გაკეთებულია, ”-ეშმაკურად იღიმება.
კიდევ ერთი ადგილობრივი, იური გვიახლოვდება და მეზობელ შენობაში გასვლას გვთავაზობს, – იქ უფრო უსაფრთხოა.
” აქ მხოლოდ ერთი კულტურული ცენტრი დაბომბეს, თუმცა, დრონები აქ მუდმივად დაფრინავენ და სტეპანაკერტი უკვე სტალინგრადს ჰგავს. გუშინ იქ 100-ზე მეტი „სმერჩის“ რაკეტა ჩამოვარდა”, – ამბობს იური.
უპილოტოები საერთოდ უნდა აიკრძალოს, ეს ეშმაკური, საძაგელი იარაღია! მე ერთ კითხვას დაგისვამთ: “როგორ უყურებს რუსეთი ამ ყველაფერს?”, – მომმართავს შემდუღებელი მიხეილი.
”მე არ შემიძლია საუბარი მთელს რუსეთზე”, – ვპასუხობ მორიდებით, რადგან დავიღალე მთიან ყარაბაღში პუტინის წარმომადგენლად ყოფნით.
– მაგრამ გესმით, რომ ომი უკვე რუსეთის კარიბჭესთან არის?
”ჩემი აზრით, ომი უნდა შეწყდეს”, – ვცდილობ, ნეიტრალური ვიყო.
“მართალია, მაგრამ დროულად უნდა შეაჩეროთ ეს”, – ამბობს მიხეილი და იურისთან ერთად თავიანთი პრეზიდენტის, არაიკ ჰარუთინიანს ქებას იწყებს. როგორც ამბობენ, ის ომის პირველივე დღეებიდან წინა ხაზზე იბრძვის.
მერე აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკაზე გადადიან, რომელიც ფრონტზე თითქოს მხოლოდ “ხორცპროდუქტებს” – თალიშებს, ლეზგინებსა და სირიელ ბოევიკებს (ამის შესახებ აქ ყველა საუბრობს) აგზავნის.
– როგორ ფიქრობთ, შერიგება შესაძლებელია?
„აზერბაიჯანელ ხალხს არ სურს ომი, მხოლოდ – ალიევს. 2016 წლის ომის დროს მე ფრონტის ხაზზე ვიყავი. რიგით აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან არ სურთ ბრძოლა”, – მპასუხობს იური.
ყარაბაღში ყველა აზერბაიჯანის არმიის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაზე საუბრობს.
– რას ფიქრობთ განჯის დაბომბვაზე? – ვეკითხები მიხეილსა და იურის.
ბუნებრივია, როდესაც ისვრი, მიზანს ყოველთვის ვერ მოარტყამ. არ ვიცი, რა მოხდა განჯაში, აქ ინტერნეტი არ გვაქვს – ამბობს იურა და ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელები არ აფრთხილებენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათი პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელსაც განჯელები თურმე წინასწარ გაუფრთხილებია.
– მთელი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ! ეს შურისძიება იყო – ცხარობს მიხეილი.
შუშაში ძალიან ცოტა ხალხია, უმეტესობა სომხეთში გაემგზავრა, ვინც დარჩა – სარდაფებში ზის. სტეპანაკერტისგან განსხვავებით, აქ კვლავ მუშაობს მაღაზიები და ელექტროენერგიაც მიეწოდებათ.
სტეპანაკერტისკენ მივდივართ.. გზაში ჩვენი მძღოლი ესტონელი ურალისტების აქტიურ აგიტ პროპაგანდას ეწევა – “აზერბაიჯანელები ცხოვრებაზე განაწყენებული შუა აზიელი მომთაბარეები არიან. ეს მათი სამშობლო არ არის. ისინი ვანგასთანაც კი იყვნენ და მან უთხრა, რომ ყარაბაღი მათი არ იყო, ისინი წააგებდნენ ბრძოლას. აქ გენოციდი ხდება და თუ არ იქნებიან სომხები, მთელი მსოფლიო დაიშლება. ერდოღანს სჭირდება სომხეთი, რომ აქ რაკეტები განათავსოს და რუსეთს დაუმიზნოს. რუსეთი უნდა ჩაერიოს, რადგან აქ არის მისი სამხრეთის კარიბჭე.
ლაჩინისკენ მიმავალ გზაზე რამოდენიმე ავტობუსსა და ტალახში გაჩხერილ ჯიპს გადავაწყდით. სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ასე 40 წლის მამაკაცს გამოველაპარაკე. არტურის თქმით, სამხრეთის ფრონტიდან მოდის, გიუმრუში თავისი ფრონტელი მეგობრების დასაკრძალად.
„ისინი [სომხეთის ხელისუფლება] ატყუებენ ხალხს! მათ ერთი ტყვიამფრქვევით გაგზავნეს ფრონტზე 18 წლის ჯარისკაცები. „უკაცრავად, ტყვიები არ არის, ბოდიში, ტანკები არ გვაქვს.” ტყვიაგაუმტარი ჟილეტები არაფრად ვარგა, კვება არ არის”, – ცხარობს არტური, რომელსაც თავზე შავი ქუდი ახურავს და სამხედრო ქურთუკზე ყუმბარა ჰკიდია.
როგორ მოხვდით ფრონტზე? – ვეკითხები მე.
– ახლახან ჩამოვედი, არცერთი საბუთი არ მაქვს, ავტომატი ავიღე და წავედი. იქ ორი ძმა მყავდა, მათ გამოვყევი და დავრჩი. გიუმრიდან ვარ, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე ვარ, ორი კვირის წინ ჩამოვედი იქედან. ეს არ არის ომი კაცთან, ეს არის ომი თვითმფრინავების წინააღმდეგ, გრადის წინააღმდეგ. ავტომატით ავიაციისა და არტილერიის წინააღმდეგ ჩვენ იქ ცოცხალი გვამები ვართ.
– აზერბაიჯანული ქვეითი ჯარიც ხომ იბრძვის?
– ბინოკლით გადავხედე, აზერბაიჯანელები არ არიან, დაქირავებულები, სირიელი არიან, რომლებსაც, 2000 ევროს გარდა, ღმერთი არ ჰყავთ. მათ ჩვენს გარდაცვლილ ბიჭებს თავი მოუჭრეს და დასცინოდნენ. კიდევ ერთი მოხალისე, არტურის მეგობარი მოგვმართავს და დაადასტურა – ”იქ ყველაფერი ძალიან ცუდად არის. ჩვენ პირველი ხაზიდან ჩამოვედით ძაბრაილთან”.
იქ ყველაფერი ძალიან ცუდად არის, წინა ხაზიდან მოვდივართ – მოგვიახლოვდა არტურის თანმხლები კიდევ ერთი სამხედრო.
– ხელისუფლების ცნობით, დანაკარგი დაახლოებით 200 ადამიანია. ეს სიმართლეა? ვეკითხები.
– 200 ადამიანი მარტო ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. ათასობით დაღუპულია! – დარწმუნებულია არტური.
– როგორ ფიქრობთ, რა მოხდება შემდეგ?
– თუ ასე ვიბრძოლებთ, ყველაფერს დავკარგავთ. აზერბაიჯანელებს ლაჩინის დაბრუნება უნდათ, მაგრამ ისინი იმდენად გიჟები არიან, რომ სომხეთზეც შიძლება, გაიწიონ”, – მპასუხობს არტური და გიუმრისკენ მიდის.
ლაჩინის ცენტრში, პატარა სკვერის ახლოს ყველა მაღაზია ღიაა, სამხედროები სკამზე სხედან და ეწევიან. აქაურობა ისე გამოიყურება, თითქოს ომი აქედან ძალიან შორს არის. როგორც გვეუბნებიან, სამშაბათს დაბობვის მაუწყებელი სირენა აქაც რამდენჯერმე ჩაირთო, მაგრამ ქალაქი არ დაუბომბავთ. თუმცა, წინა დღეებში ლაჩინში ხიდი დაუბომბავთ. რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, მით უფრო უკან მივდივართ – გვეუბნება ადგილობრივი მარკეტის მფლობელი, სტეპანი და მწარედ იღიმება.
წყარო:novayagazeta.ru