ანრი ოხანაშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში აქამდე არსებული შეთანხმებები უნდა გადაიხედოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში აქამდე არსებული შეთანხმებები უნდა გადაიხედოს და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოხდეს.
მისივე თქმით, საქმეზე დაწყებული გამოძიება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.
“ძალიან ძნელი მოსასმენი იყო, რაც პროკურატურის მხრიდან გაჟღერდა. როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე სავარაუდოდ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებს და საუბარია ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია და ეს არავის უხარია. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთ ქმედებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. როგორც ჩანს, პროკურატურას აქვს იმ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რაც ბრალის წასაყენებლად საკმარისია. საბოლოო ბრალეულობის საკითხი სასამართლოს შეფასების საგანია”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი – ნატალია ილიჩოვა დააკავა.