გია ვოლსკი: როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა სჭირდება
“ერთი მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ საჩუქარიც არ არის, არაფერს ნიშნავს, მეორე მხრივ, ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საჩუქარია და მოსყიდვაა, ვერ ჩამოყალიბდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ფონდ „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გადაცემის საკითხზე განაცხადა, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება არ შეიძლება, მოსყიდვად შეფასდეს.
„წლების განმავლობაში, რაც გვახსოვს, საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, საბურთალოს მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ამ ადგილას გაკეთდეს ცენტრალური პარკი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა სჭირდება. არჩევნები როგორ დამთავრდება, ისედაც საკმაოდ ნათელია პროგნოზი, ასე რომ, ეს არ არის მოსყიდვა, ეს არის საჩუქარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.