„საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე აღარ არსებობს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულმა მოქმედებებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან, ეკონომიკაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის შეფასებით, განვლილი წელი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. თუმცა, პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას ეს დრო უქმად არ დაუკარგავს. როგორც პრემიერმა განაცხადა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია ისე, როგორც არასდროს. 1
“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას კოჰაბიტაციის რეჟიმში მოუწია მუშაობა, რისი გამოცდილებაც ქვეყანას აქამდე არ გააჩნდა. ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულმა მოქმედებებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეკონომიკაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. ჩვენ გვესმის, რომ გასული წელი ასევე რთული იყო ბიზნესისთვისაც. ხშირად ასეთ გარემოში ბიზნესისთვის უფრო ადვილია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. თუმცა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მუდმივი წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ეს დრო უქმად არ დაუკარგავს, და აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც ყველა თქვენგანმა კარგად იცის. ჩვენ მივაღწიეთ უმთავრეს მიზანს – დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კანონის მიმართ წინა ხელისუფლებას, და ეს მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ბიზნესის განვითარებისათვის. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია ისე, როგორც არასდროს. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში“ („The Global Competitiveness Report“) საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. კერძოდ, აღნიშნული მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანას შორის საქართველომ 77-ე ადგილიდან 72-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში. „Doing business“-ის მონაცემებით, საქართველოს მე-8 ადგილი უკავია „ბიზნესის კეთების რეიტინგში“. ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შევქმნათ ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, ობიექტურად შევაფასოთ ეკონომიკის მდგომარეობა, განვსაზღვროთ განვითარების სტრატეგიული და პერსპექტიული მიმართულებები და გავითვალისწინოთ ის რისკები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები