“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ხოლო პროპორციული წესით ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია Survation-ის კვლევის შედეგები.
კალაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულებაა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება. ჩვენ კავშირი მოსახლეობასთან არ შეგვიწყვიტავს. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ამას ემატება საარჩევნო კამპანია – ჩავდივართ რეგიონებში და გვაქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენითი ღონისძიებები. ის განწყობები და დამოკიდებულებები, რაც იკვეთება მოსახლეობის მხრიდან, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მაჟორიტარების ნაწილში პირველივე ტურში მოიგოს ყველა ოლქი და 60%-მდე არის იმის რესურსი, რომ პროპორციულში მიიღოს ხმათა რაოდენობა“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე “რუსთავი 2”-მა მორიგი სოციალურ კვლევა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული კვლევა, საქართველოს 6 საარჩევნო ოლქშია ჩატარებული, სადაც 1828 რესპონდენტი გამოიკითხა. სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით, ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს მთელს საქართველოში აწარმოებს.