ყარაბაღის ომი და საქართველოს ეკონომიკა – სტატისტიკა, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა

უკვე მეხუთე დღეა, მთიან ყარაბაღში სომხეთ აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ეკონომისტების შეფასებით, თუ სამხედრო მოქმედებები დროში დიდხანს გაიწელა, სერიოზული პრობლემები შეექმნება როგორც ერთი, ასევე, მეორე ქვეყნის ეკონომიკას.

ეკონომისტების თქმით, ომი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საეჭვოა, იმ ზომის ეკონომიკამ, როგორიც აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ, ასეთ დაძაბულობას გაუძლოს.

სპეციალისტების შეფასებით, ყარაბაღის ომი სახიფათოა და დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვისაც. მათი თქმით, ქვეყანაში, რომელიც ბრძოლის ველს სულ რაღაც 200 -250 კილომეტრით არის დაშორებული, ინვესტიციის ჩადებას ცოტა თუ გარისკავს, მით უმეტეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ომის გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემები შეექმნას ენერგომატარებლების ( გაზი, ნავთობი, ელექტროენერგია) გაცვლა-გამოცვლასა და ტრანზიტს.
დიდი ალბათობით, შემცირდება აზრბაიჯანული ინვესტიციების მოცულობაც. ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადი, ფაქტობრივად, განულდება.

სპეციალისტების მოსაზრებით, ომს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რეგიონში არსებულ სავაჭრო დინამიკაზეც.

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით კი აზერბაიჯანიც და სომხეთიც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 594 მლნ დოლარს მიაღწია. გასულ რვა თვეში აზერბაიჯანში ექსპორტზე 284,286 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა და უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანას, ჩინეთს მცირედით ჩამორჩება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმპორტის თვალსაზრისითაც. ის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების წამყვან ხუთეულშია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანი უმსხილესი იმპორტიორებს შორის კვლავინდებურად მეხუთე პოზიციაზეა 309,555 მლნ დოლარით.

რაც შეეხება სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 385,648 მლნ დოლარს გაუტოლდა. 2020 წლის 8 თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტზე 122,413 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. 2020 წლის 8 თვეში სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 263,235 მლნ დოლარის პროდუქცია, 2019 წელს კი – 267,7 მლნ დოლარის.

ვაჭრობასთან ერთად, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთვის ტურიზმის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს მხოლოდ აზერბაიჯანიდან საქართველოს 1.5 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.
სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ იმავე წელს 1.3 მილიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, შარშან აზერბაიჯანიდან საქართველოში 35 788, 9 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2018 წელს აზერბაიჯანელმა ინვესტორებმა საქართველოში 246 384, 7 ათასი აშშ დოლარი ჩადეს, 2017 წელს კი – 460 499,0 ათასი აშშ დოლარი.

სომხეთიდან საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა გასულ წელს 14 198,7 ათას დოლარს გაუტოლდა. 2018 წელს კი სომეხმა ინვესტორებმა 9 650, 0 ათასი აშშ დოლარი ჩადეს, ხოლო 2017 წელს სომხური ინვესტიციები საქართველოში 6 932,0 ათას დოლარს გაუტოლდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში აზერბაიჯანული ინვესტიციები დაახლოებით 18 მილიონით შემცირდა და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, დანაკლისი კიდევ უფრო დიდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები