“ხელისუფლებამ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით”

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, საქართველო იყო და დარჩება ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის კონსოლიდაციას, გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას და ეფექტურ ინსტიტუციებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის საარჩევნო მთლიანობის საკითხებზე შექმნილი ტრანსატლანტიკური კომისიის შეხვედრაზე – „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან მიერთება საქართველოს დემოკრატიული წარმატებების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე სხვა მხარეებს, საკუთარი წილი პასუხმგებლობა ეკისრებათ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.

„ქართული ოცნების” სახელით, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის წარსამართად. ამას მოწმობს ჩვენს მიერ ახლახან ხელმოწერილი კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის შესახებ, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევა მრავალ სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს ტოვებს, მათ შორის, დემოკრატიული განვითარებისა და საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაზეც, რომელიც ეტაპობრივად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და მიზნად საკანონმდებლო ორგანოში კიდევ უფრო გაზრდილი პროპორციული წარმომადგენლობის შექმნის შესაძლებლობას ისახავს. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს საარჩევნო რეფორმაც გააცნო, რომელიც, მისივე შეფასებით, თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

„COVID-19 -თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროგრესის ინდიკატორი იქნება. ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვიწვიეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები. მთავრობამ გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს ჩარტერული ფრენები საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, მკვეთრად გამოხატული გლობალიზაციის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე, მრავალ შიდა თუ გარე აქტორს სურს სუსტი წერტილის მოძებნა და დემოკრატიული პროცესების შეფერხება არჩევნებში ბოროტად ჩარევის ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გზით.

„ეს არის დღევანდელი რეალობა, რომლის გაჩენის საფრთხის წინაშეც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება დგას, მათ შორის საქართველოშიც. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და ასევე „რბილი ძალის” ტაქტიკა, რომლის მიზანია ქაოსის, განხეთქილების, დეზინტეგრაციის და უიმედობის დათესვა.ბოლო ათწლეულის მანძილზე, მსგავსი ტენდენციების მომსწრე გავხდით ევროპასა და სხვა ადგილებშიც. მხოლოდ სიფხიზლე აღარ კმარა. პასიურობისა და ფიქრის დრო აღარ არის, პირიქით, დადგა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო, რადგან მხოლოდ მტკიცე პოზიცია და მოქმედება თუ დააკმაყოფილებს ბოროტად განწყობილთა მზარდ მადას, რომელთა მიზანიც ჩვენი დემოკრატიული გზიდან გადაყვანაა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ მუდმივად მზარდი გამოწვევების დროულად გადასაჭრელად, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოების, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების, მედიაწიგნიერებას და სხვა მიმართულებით.

„ქართული ოცნება” მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც გააჩნია პოზიტიური საარჩევნო დღის წესრიგი. ჩვენი პრიორიტეტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პროგრამით განპირობებული პოლიტიკური დებატებია. ხვალ ჩვენს მოქალაქეებს წარვუდგენთ პარტია „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას ამბიციური, მაგრამ კონკრეტული და განხორციელებადი გეგმებით და ინიციატივებით ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ბიზნესის მხარდაჭერაში, განათლებაში, გარემოს დაცვაში, მმართველობაში, უსაფრთხოებაში და სხვა სფეროებში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები