“ხელისუფლებისთვის ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ ბიზნესში ახალი კლასის, ახალი წარმატებული თაობის ჩამოყალიბებას; საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, მივცეთ ახალგაზრდებს მეტი წვდომა კაპიტალზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონიაზე განაცხადა.
“მოხარული ვარ, რომ უკვე მესამე წელია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და აქ შეკრებილი პროგრესული საზოგადოების ხშირი სტუმარი და მხარდამჭერი ვარ.
სტარტაპების წვდომა ფინანსებსა და საწყის კაპიტალთან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემდეგაც ამ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოშივე ისარგებლონ ვენჩურული ინვესტიციებით.
ვინაიდან კაპიტალის ბაზარი, ვენჩურული საინვესტიციო პლატფორმები და კულტურა ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესშია, პირველი სწორედ სახელმწიფო ქმნის ამის მაგალითს და გლობალური პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტების დაფინანსებას 100.000 ლარიანი საგრანტო პროგრამით უზრუნველყოფს, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სტარტაპის განვითარებისთვის”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო პარტნიორებსა და ინვესტორებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი საქართველოში ყოფნა ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დასავლური ოჯახის წევრი და საიმედო პარტნიორი, მათ შორის, ბიზნესსა და ინოვაციებში.