მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის – „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა” სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.

როგორც “კვირას” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

“გარდა ამისა, მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და ძირითად მიმართულებებს უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი შეისწავლის, რომელიც სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბიზნეს-კომუნიკაციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციას ეუფლება.

ციფრული წიგნიერების, როგორც ახალი საგნის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების განვითარების ერთობლივი პროექტების ფარგლებში უკვე მიღწეულია. სასწავლო წლის დაწყებამდე, კომუნიკაციების კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეკომენდაციები შემუშავდა მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ახალი სილაბუსის დახვეწისა და განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელება ახალი სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, პროექტებში აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან, ასევე საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები, კონფერენციები და კონკურსები ჩატარდება,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები