საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი, 2020-2021 აკადემიური წელი დღეიდან დაიწყო.
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მიულოცა. პირველკურსელებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რიგით 98-ე ნაკადს კი, რექტორის მიმართვა და საუკეთესო სურვილები, რაც სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და ახალგაზრდებისთვის ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას უკავშირდება, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ახალ საინფორმაციო გვერდზე – studinfo.gtu.ge დახვდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელს, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს გახდა სტუდენტი. დღეს თქვენი ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება – საუნივერსიტეტო ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგით.
პირველკურსელებო, წინ ბევრი წარმატება გელით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ – თქვენ ააშენებთ საქართველოს მომავალს, შექმნით ახალ ტექნოლოგიებს, ბევრი თქვენგანი ქართული სამეცნიერო და საინჟინრო სკოლის განვითარებაში ღირებულ წვლილს შეიტანს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2022 წელს, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველკურსელთა თაობა კი ჩვენი უნივერსიტეტის 98-ე ნაკადია.
მეამაყება თითოეული ჩვენი სტუდენტი. თქვენში ვხედავ არა მარტო მაღალკვალიფიციურ ინჟინრებს, ტექნოლოგებსა და ჰუმანიტარებს, არამედ – ღირსეულ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის გარანტორები.
21-ე საუკუნემ ახალი რეალობა მოიტანა. ეს ეხება, როგორც ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე, იმ პრობლემებს, რის გამოც, დღეს, ჩვენ ონლაინ სივრცეში გვიწევს სასწავლო პროცესის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გასტანს, ერთმანეთს აუდიტორიებში შევხვდებით და თქვენი ხალისიანი სახეები გააცოცხლებს უნივერსიტეტს.
დღევანდელი დროებითი გარემოებები ვერ შეუშლის ხელს სტუდენტსა და პროფესორს შორის ურთიერთობას – ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ და ამ რთულ ვითარებას ღირსეულად გავუმკლავდებით.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული წლები თქვენი კარიერული წინსვლის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარების წინაპირობა იქნება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი თითოეული თქვენგანის წარმატების საძირკველი გახდება, მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩებად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, სასწავლო პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 28 სექტემბრიდან დისტანციურ ფორმატში, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე – elearning.gtu.ge Zoom-ის მეშვეობით წარიმართება.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა – ჩარიცხული პირველკურსელებისთვისთათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალი საინფორმაციო გვერდი – studinfo.gtu.ge და პირველკურსელთა ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემა – vici.gtu.ge აამოქმედა. აღნიშნული გვერდებით სარგებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის დღეიდან არის შესაძლებელი.
R