კახა კუჭავა: საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-ის განცხადება იმედისმომცემია
“დღეს ეუთო/ოდირ-ის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით – როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 30 სექტემბრისთვის საქართველოში დამატებით ჩამოვლენ გრძელვადიანი დამკვირვებლები.
„ისინი ქვეყნის 13 სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან, ხოლო შემდეგ მათ დაემატება, თუ სწორად მახსოვს, 330 დამკვირვებელი მოკლევადიანი მისიით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი. ჩვენ გვახსოვს ვალდებულება, რომელიც ეუთო/ოდირ-ს აქვს აღებული. დახლოებით, 15 არჩევნებია საქართველოში მას შემდეგ, რაც ისინი აკვირდებიან სარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი მოწვევა მათ ამჯერადაც მიიღეს და სადამკვირვებლო მისია გამოგზავნეს იმის მიუხედავად, რომ, ზოგადად, პანდემიის გამო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა შეზღუდულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოწვევა მიიღეს. ველოდებით სხვა დამკვირვებლებსაც. რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ისინი გამოაქვეყნებენ როგორც შუალედურ ანგარიშს ორი კვირით ადრე, ასევე საბოლოო ანგარიშს, რომელიც არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ იქნება. ჩვენ ველოდით უფრო მეტ დამკვირვებელს, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, თუმცა ევროპარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება.
პანდემიის გამო გარკვეული ორგანიზაციები შეიძლება, ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, თუმცა, ეუთო/ოდირ-ის ეს განცხადება საკმაოდ იმედის მომცემია. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან, მათ შორის, ევროპარლამენტიც. ვიცით, რომ ჩვენი მოწვევის შედეგად სხვა ფორმატებიდანაც აპირებენ ჩამოსვლას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.