“ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ”
“ეტაპებს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რათა ნათლად წარმოჩინდეს, რომ მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს რეალურად ვიმყოფებით ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, ეს სტადია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რაზეც ბატონმა პრემიერმინისტრმა ისაუბრა. ეს არის სწრაფი გამოვლენისა და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და ეს გახლავთ სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ აქტივობაში.
მოკლედ მოგახსენებთ, თითოეული რას გულისხმობს – ბუნებრივია, როდესაც სწრაფ გამოვლენასა და გავრცელების შენელებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გაცილებით ეფექტიანად ვმართავთ ცხელების ცენტრებს, გაცილებით ეფექტიანად მუშაობს ,,112,, ინტენსიურად ხდება კონტაქტების დადგენა და იზოლირება. ვიყენებთ კარანტინს, როგორც ვირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთ საშუალებას. ტესტირებას ხედავთ, რომ ფართომასშტაბიანად ვატარებთ, მიზნობრივი ტესტირება ხდება სიმპტომიანი პაციენტების, გეგმური ტესტირება ხდება მაღალი რისკ ჯგუფების, რაოდენობასაც ხედავთ, რომ გაზრდილია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.