ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მოლარეზე თავდასხმისთვის დაკავებულებს თავისუფლების 7 და 8 წლით აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ჰ.მ. და მ.შ. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს თ.მ.-ს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელჩანთა გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ჰ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მ.შ.-ს, ვინაიდან ის ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჰ.მ.-ს თავისუფლების 7 წლით, ხოლო მ.შ.-ს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.