არჩილ თალაკვაძე: ფერმერთა მხარდაჭერას განვაგრძობთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი და “ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
„სოფლის მეურნეობის სფერო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩაიდო დიდი ინვესტიცია, როგორც ახალი პლანტაციების განვითარების, ასევე, ტექნოლოგიური გადაიარაღების, საირიგაციო სისტემების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერასა და სოფლის მეურნეობაში ქალთა მხარდაჭერის საკითხებზე. ფერმერთა მხარდაჭერას განვაგრძობთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
„მიხარია, რომ გურიას ძლიერი წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში. ბატონ არჩილ თალაკვაძესთან და ქალბატონ ნინო წილოსანთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს. მზად ვარ ვიზრუნო თქვენი კეთილდღეობისა და გურიის მომავალი წარმატებისთვის”, – ვასილ ჩიგოგიძე.
ფერმერებს მიმართა ნინო წილოსანმაც და განაცხადა, რომ მათზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
„ფერმერებსა და მეწარმეებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, მთელი ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა დაიხვეწოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს თქვენს საქმიანობას. სამაცივრე და შემნახველი მეურნეობები, აგროკრედიტი, ტექნიკით დახმარების პროგრამა, რძის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება და უამრავი სხვა პროექტი არის წინაპირობა იმისა, რომ თქვენივე შრომით, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა უზრუნველყოთ და ქვეყანა გააძლიეროთ”, – მიმართა ნინო წილოსანმა ფერმერებს.