მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა. ბელორუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის, ასევე დასავლეთის მიერ არაღიარებულმა ლუკაშენკომ, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას მორიგჯერ შეუდგა.
ცერემონია გასაიდუმლოებულ რეჟიმში გაიმართა.
ლუკაშენკოს პრესსამსახური ბოლო წუთამდე ასაიდუმლოებდა ცერემონიის გამართვის თარიღს.
თუმცა, დღეს ადგილობრივი ოპოზიციური მედია წერდა და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებდა, სადაც ჩანს, რომ სასახლესთან სამხედრო ტექნიკის მობილიზება და მიმდებარე ქუჩების ჩაკეტვა მოხდა.
23 სექტემბერს ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა ინაუგურაციის ვადის დასეხელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამას “ცერემონიის მოახლოების” დროს გააკეთებს. წინა დღით კი, ტელეგრამ-არხმა Nexta-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია, სავარაუდოდ, საიდუმლოდ ჩატარდება. ცერემონიის გამართვის სავარაუდო ვადად 23, 27 და 28 სექტემბერი დასახელდა.
ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვება ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა, თუმცა ამას ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება და დღემდე ფაქტს აპროტესტებს. აღნიშნულს არც დასავლეთი ემხრობა. ევროკავშირი კი, ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებს.