ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, ერთი პირის იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოხერხდა. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
“თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც. საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანლებს”, – აცხადებენ თსუ-ში.
როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, საკითხის განხილვისას ადმინისტრაცია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.
თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით 14 სექტემბერს დაიწყო.