აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს მოუწოდებს კორონავირუსის გავრცელებისთვის ჩინეთს პასუხი აგებინოს.
ამის შესახებ ტრამპმა გაეროს 75-ე ასამბლეისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“პირველ დღეებში ჩინეთმა ქვეყნის შიდა გადაადგილება აკრძალა, მაგრამ თვითმფრინავებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ამ ქმედებისთვის გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს”, – თქვა ტრამპმა.
მან ასევე ჩინეთი და ჯანმო იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი უზუსტო განცხადებებით გამოდიოდნენ იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლაში ძალების მობილიზება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ძალისხმევას შეადარა.
მისივე თქმით, აშშ-ში სამი პრეპარატი კლინიკური ცდების მესამე სტადიაზეა.
“ვირუსს დავამარცხებთ, პანდემიას შევაჩერებთ!”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა.