პროკურორი: მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება.
როგორც საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს.
“ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც ეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციასა და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. შემდგომ, როდესაც მის ტელეფონში აღმოჩნდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, ასევე, ის სატელიტის ფოტოები, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს – ჩვენ იმ ორი ფოტოსურათის გარდა, აღმოვაჩინეთ სხვა სატელიტის ფოტოსურათებიც, სხვა ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შესაძლოა, ანალოგიურად შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას. ამის შემდგომ მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, გამოთხოვის პროცედურა უშუალოდ ჩაგვეტარებინა ექსპერტის მონაწილეობით იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოპოვებულ ინფორმაციაზე ავთენტიკურობასთან, შემხებლობასთან, წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები და აგვერიდებინა უკვე შემდგომი განმარტებები, რასაც ადვოკატი გააკეთებდა. ამაზე მიხეილ რამიშვილი დაგვთანხმდა. აქ ერთი გარემოება იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავადმყოფოში იმყოფებოდა და დროებით შეგვეჩერებინა, ამიტომ, მისი თანდასწრებით ტელეფონი დავლუქეთ, დაველოდეთ და შემდგომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წავედით. ტელეფონი მისი თანდასწრებით გაიხსნა, უშუალოდ ყველა პროცედურას ესწრებოდა. რაც შეეხება შეჩერებას, ასევე მისი ინიციატივით შეჩერდა. დღეს დავბრუნდით, იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა”, – განაცხადა პროკურორმა.