არჩილ თალაკვაძე: ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება ან მისი წაკითხვა, ვურჩევ, დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ, რეალურად ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს
„უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს 56 %-ზე მაღალი ნდობა, რაც სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ენდობა მოქალაქეებს და დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება” 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა, გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.