ირაკლი მეზურნიშვილი – ოპოზიციას: რასაც თქვენ “ჩაფლავებულს” უწოდებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მას „წარმატების ფორმულას” უწოდებენ

„ჩვენმა მთავრობამ ეფექტიანად იმუშავა “კოვიდ-19”-თან მიმართებით და რასაც თქვენ, ოპოზიციას მივმართავ, “ჩაფლავებულს” უწოდებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას უწოდებენ “წარმატების ფორმულას”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ.

მისი თქმით, მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა სიტუაციამაც კი მეორე კვარტალში ვარდნა განიცადა.

„შეგახსენებთ, რომ წარმატებული ქვეყნებიც კი აღმოჩნდნენ ძალიან ღრმა რეცესიაში და მინდა, მოგიყვანოთ რამდენიმე რიცხვი, რომელიც ნათელს მოჰფენს, თუ რა მდგომარეობაშია წარმატებული ქვეყნები, ისეთი, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, ბრიტანეთი, საფრანგეთი. პროგნოზი არის გაკეთებული 2020 წელს, რომ ამ ქვეყნებში ვარდნა იქნება, დაახლოებით, 11-დან 14 პროცენტამდე – იქედან გამომდინარე, თუ როგორი იქნება სიმძლავრით შესაძლო მეორე ტალღა. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა სიტუაციამ მეორე კვარტალში ვარდნა განიცადა 32 პროცენტით, როდესაც ჩვენ, ასეთი მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანამ შევძელით ის, რომ 2020 წელს იქნება, დაახლოებით, 5 პროცენტი იყო ეკონომიკური ვარდნა და 2021 წელს ჩვენ დავუბრუნდებით სტატუს -კვოს, აღვადგენთ ჩვენს ძალებს.

მე გავაგრძელებ ამ შედარებებს და შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, სრული დატვირთვით, მთელი კამპანია იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფილირებული პარტიებისა, რათა მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია, ჩვენი რეპუტაციის შელახვა საერთაშორისო ინვესტორების წინაშე. მაგრამ „ცივი შხაპის” ეფექტი მიიღო ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ კამპანიაში იყო ჩართული მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა ნათელი ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის შეფასებული საინვესტიციო გარემო საქართველოში, რომ დაცულია საქართველოში საერთაშორისო ინვესტორები და ამას ცხადყოფს თუნდაც ამერიკული ინვესტიციების ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების პრაგმატულმა და სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის დადებითი შედეგები, რაც დღეს აქვს ქვეყანას და რაც იქნება მომავალში.

„ჩვენი პრაგმატული და სწორი პოლიტიკით, თუნდაც, ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლა ეფექტიანი იყო, დროულად ვიმოქმედეთ, მოვიგეთ დრო, ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთესად არის მომზადებული დღეს და ზუსტად ამიტომაც არ იგეგმება არანაირი მკაცრი ზომების გატარება და არ არის ეკონომიკის ჩაკეტვის პერსპექტივა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, ამ სიტუაციას ისე ვმართავთ, რომ ქვეყანას გავიყვანთ იმ მაჩვენებლებზე, რომელიც გვიფიქსირდებოდა 2020 წლის დასაწყისში”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები