ლარის სტაბილიზაციაზე 200 მილიონი დოლარი დაიხარჯება

ლარის სტაბილიზაციის მიზნით, წლის ბოლომდე სებ-ი ბაზარზე 200 მილიონამდე დოლარის გატანას გეგმავს.

„ბოლო პერიოდში ლარი, დაახლოებით, 2%-ით არის გაუფასურებული. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, არის ხოლმე დროებითი სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ ამ უპრეცედენტო შოკის გამო აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და რეზერვების დაგროვების პირობებში, ვფიქრობთ, რომ $200 მილიონზე მეტი თანხა იქნება მიწოდებული ბაზარზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე.

გვენეტაძის შეფასებით, ლარის გაუფასურებაზე გარკვეული გავლენა მთავრობის მიერ გაზრდილმა ხარჯებმაც იქონია, თუმცა, მისი თქმით, კოვიდით დაზარალებულთა დახმარება აუცილებელი იყო.

“მთავრობამ ხარჯვა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. შეუძლებელია, სხვანაირად ის დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი, მივიდეს იმ ადამიანებამდე და სექტორებამდე, რომელთაც დახმარება სჭირდება. ფონდის მისიის შეფასებით, ამგვარი დახმარებების აუცილებლობა, დიდი ალბათობით, შემდეგ წელსაც იქნება აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამ დანახარჯებს აქვთ გავლენა გაცვლით კურსზე, მაგრამ ამ დანახარჯების გაწევას არ აქვს ალტერნატივა. სახელმწიფო იღებს სახსრებს, ეს თანხები შემოდის ვალუტის ფორმით, შემდგომ, ვალუტა მოემართება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში და ამ თანხების ხარჯვა ხდება ლარში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია დახარჯვა. ამის შემდგომ კი ეროვნული ბანკი ინტერვენციების საშუალებით ახდენს მიწოდებას სავალუტო რეზერვების. ასე რომ, ხარჯვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენც აქტიური დავრჩებით სავალუტო ბაზარზე. სხვანაირად შეუძლებელი იქნება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შეჩერება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღეს სებ-ი ბაზარზე 40 მილიონი დოლარის გატანას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები