შემოსავლების სამსახური: გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ “ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის ინფორაციით, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ-ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, 28 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (ჯამურად, 1260 პირს) გამოკვლევა ჩაუტარდა.

უწყების ცნობით, გამოკვლეული პირებიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, როგორც უკვე ცნობილია, 8 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ “ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა.

“საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ტრანზიტისა) პირები). აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ამ პერიოდისთვის მიზნობრივი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 78 253 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე იმ პირთა მონიტორინგი, რომლებიც ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმით რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ თანამშრომელს ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად უტარდება მიზნობრივი ტესტირება და მხოლოდ გამოკვლეული ნიმუშების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აგრძელებს ის სამუშაოს შესრულებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხორციელდება”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები