მიხეილ ჩხენკელი: ეს ფაქტი არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქართული რაგბისა და სპორტის გულშემატკივარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის ოფიციალურად აღიარებას ულოცავს.
„უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას, ქართული რაგბის და სპორტის გულშემატკივრებს, რომ „ექვსი ერის“ ორგანიზატორებთან მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს უაღრესად პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში.
ეს ფაქტი არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი რაგბი ძალიან კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს.
უღრმესი მადლობა ექვსი ერის ორგანიზატორებს ასეთი დიდი ნდობისთვის და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა „მსოფლიო რაგბის“, რომლის მხარდაჭერასაც ტურნირის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესში მუდმივად ვგრძნობდით!
აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიო და ქართული სპორტი ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. სასიამოვნოა, რომ ჩვენ გავუმკლავდით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ასეთ პრესტიჟულ ტურნირში თამაშის უფლებაც მივიღეთ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ – ეს გახლავთ უდიდესი წარმატება დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში!
რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგანან თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, პროფესიონალები, რომლებმაც წლების განმავლობაში განუზომლად დიდი სამუშაო გასწიეს და ჩვენს ქვეყანას ეს გამარჯვება მოუტანეს.
საქართველოს ნაკრების წარმატებები და ცხადია, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაც პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას, რამაც ქართული რაგბის განვითარება შეუქცევადი გახადა და დღევანდელ წარმატებამდე მიგვიყვანა.
რაგბის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, მსოფლიოს წამყვან ნაკრებებთან ერთად თამაში, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის გახლავთ ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ და უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშებენ.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და ვუსურვებ წარმატებას ქართულ სპორტს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას,”- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.