ნათია თურნავა: ჩვენ მოვახდინეთ გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე – ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით, 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. ეს არის გარღვევა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გარდაბანში “ენერგეტიკოსის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გეგმაში გვაქვს კიდევ, დაახლოებით, 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის, მსხვილი ჰიდროსადგურები -,მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის” პროექტი, ასევე, მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში, დღემდე უკვე 1000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც, ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები