ბექა ნაცვლიშვილი: არცერთ ჩვენგანს არ უღირს წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელება და თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება
“არცერთ ჩვენგანს არ უღირს წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელება და თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება’, – აღნიშნული განცხადება პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პარტიის ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში შეხვედრები მიმდინარეობდა, შეჩერებულია.
რადგან ლევან გოგიჩაიშვილი ცენტრალურ ოფისში ორშაბათს იმყოფებოდა, ლიდერები ვერ დაუშვებენ იმ ადამიანების დაინფიცირების ალბათობას, ვისაც არ ჰქონია მასთან შეხება.
ნაცვლიშვილის განმარტებით, გუნდის ყველა წევრი, ვისაც ჰქონია შეხება ლევან გოგიჩაიშვილთან, გადასულია თვითიზოლაციაში, მოქმედებენ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით, ხოლო თბილისის ცენტრალური ოფისი დახურულია 21 სექტემბრამდე.
“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ოფისს ეძლევა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.
„პარტიის ყველა ლიდერი, მათ შორის, მეც – გადავედით თვითიზოლაციაში. როგორც კი ლევანს მოუვიდა კოვიდდადებითი პასუხი, მაშინვე ვიმოქმედეთ ინფექციონისტების რეკომენდაციებით. არცერთ ჩვენგანს არ უღირს წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელება, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე. თუმცა აქტიურად ვაგრძელებთმუშაობას რათქმაუნდა დისტანციურად, ვეკონტაქტებით ამომრჩეველს, ვმუშაობთწინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე, რომელსაც ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, აუცილებლად ყველა ერთად განვახორციელებთ. იმედია, ლევანიც მალე გამოჯანმრთელდება და არცერთ ჩვენგანს კოვიდი არ დაუდასტურდება და ისევ სრულფასოვნად ჩავერთვებით საარჩევნო მარათონში. ყველას კიდევ ერთხელ, გთხოვთ გაუფრთხილდით ერთმანეთს,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთერთ ლიდერ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.