არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას

„მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე დევიდ სასოლისა და რიკ დაემსისადმი გაგზავნილ მიმართვაში საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას.

„მსოფლიოსთან ერთად, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რათა გაუმკლავდეს კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობის, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალების ძალისხმევა, აგრეთვე, მიზანმიმართული და კოორდინებული შემზღუდავი ღონისძიებები მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური პასუხი იყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ – საქართველომ შეაკავა ვირუსის პირველი ტალღა და მართავს სიტუაციას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსში გაიწერა სპეციალური პრევენციული მექანიზმები იმ მიზნით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ საარჩევნო მონიტორინგის უსაფრთხოდ განხორციელება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება”, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიმართვაში.

European-Parliament PA-CoE

PA-CoE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები