ეკა ქობესაშვილი: რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტოები ევროკავშირის სასწავლო პროექტის ფარგლებში სატელიტიდან გადაიღეს
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთერთი უფლებადამცველი, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტოები ევროკავშირის ერთერთი სასწავლო პროექტის ფარგლებში სატელიტიდან გადაიღეს.
„საქმეში ჩართვის დღიდან ვამბობდი, რომ უმნიშვნელოვანესია, გამოძიებამ მოიპოვოს სატელეტიდან გადაღებული ფოტოები. ოთხ დღეს გვარწმუნებდნენ, რომ მანქანა იქ იდგა, ჩვენ კი ინფორმაცია გვქონდა, რომ ასე არ იყო. გამოძიება ასევე გვეუბნებოდა, მიგვითითებინა, საიდან უნდა მოგვეტანა სატელიტის ფოტოების წყარო. ეს ძალიან დაბალი სტანდარტია, დაზარალებულს შეიძლება, სულ არ ჰყავდეს ადვოკატი და პროკურატურა თვითონ უნდა ახერხებდეს, სათანადოდ გამოიძიოს საქმე. ჩვენ რატომ უნდა ვეხმარებოდეთ პროკურატურას, საიდან და როგორ მოიპოვოს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიხეილ რამიშვილს ფოტოები მიაწოდეს არა საქართველოდან, არა მეზობელი ქვეყნიდან, არა ამერიკიდან, არამედ – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთერთი პროექტიდან. ოთხი ქვეყნის კორპორაციული სასწავლო პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში, სატელიტიდან ფოტოებს იღებდნენ“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
ცნობისათვის, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებზე, რომელიც, მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფოტოებს ექსპერტიზა ჩაუტარდება იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი.