შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში” მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (ჯამურად, 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” 99 მებაჟე ოფიცერს.

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს (ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშების პასუხები ,,COVID-19″-ზე დადებითია).

აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ განხორციელდა ინდივიდური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებასა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და გაძლიერებას უსურვებს”, -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები