“სერიოზული საუბარი არ შეიძლება არც მის პრემიერობაზე, არც მის – კანდიდატურაზე, საქართველოს მოქალაქე არ არის, არის სისხლის სამართლის დამნაშავე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სააკაშვილი მის ამომრჩევლებს ყოველ ჯერზე ატყუებს.
“ყველა არჩევნების წინ და ცოტა ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის წინ ეს ადამიანი თავის ამომრჩეველს ჰპირდება ჩამოსვლას და ყოველ ჯერზე ატყუებს. ასეა მორიგ ჯერზეც. ბოლო დროს ახალი მიდგომა მივიღეთ, მისმა მხარდამჭერებმა შეუკვეთეს სააკაშვილი და ჩამოვიდა ვარშალომიძე. ამ თემაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, არც მის პრემიერობაზე, არც მის კანდიდატურაზე, საქართველოს მოქალაქე არ არის, არის სისხლის სამართლის დამნაშავე”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. ასევე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ – 2 წლით.
“2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. მინდა, შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, არამედ – შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.