გიორგი ცუცქირიძე: რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობასა და პოზიტიური განწყობაზე

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ერთი მხრივ, დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორე მხრივ  – განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და, ამავდროულად, მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პესპექტივაზე”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას.
„გლობალური პანდემიისა და კორონაკრიზისული პერიოდის ეკონომიკაზე ზეგავლენისა და ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციების შესაფასებლად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ერთი მხრივ, დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორე მხრივ  – განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და ამავდროულად მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პესპექტივაზე.
აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, თუ რა დინამიკა დაფიქსირდებოდა წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით კი – მეორე კვარტალში, როდესაც გვქონდა ეკონომიკის ვარდნა, საკარანტინე რეჟიმის ეკონომიკაზე ზეგავლენის გამო.
საქსტატის წინასწარი მონაცემები კი მართლა დამაიმედებელია როგორც 2020 წლის მეორე კვარტლის, ასევე, მთლიანად წლის პირველი ნახევრის თვალსაზრისით.
მარტო მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.5 პროცენტით მეტია, რამაც, თანხობრივად, 237.8 აშშ დოლარი შეადგინა.
მართალია, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 409.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახასიათებს თავისებური ციკლურობაც, გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე.
სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს წლის პირველი ნახევრის ტენდენციები, რომელიც გლობალურად მსოფლიო ეკონომიკის გამოშვების 13 %-იანი ვარდნისა და ინვესტიციების 40 პროცენტით შემცირების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც ასევე აისახა აპრილ-მაისთან შედარებით, როდესაც ეკონომიკის ვარდნის ფსკერი 16 % კი იყო, უკვე ივნისს -აგვისტოში ეკონომიკის ვარდნის ტემპების თითქმის სამჯერ შემცირებაში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რეინვესტირების მოცულობა 31.5 პროცენტით გაიზარდა და 278.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში თითქმის ორჯერ ნაკლები, 37.4 პროცენტი იყო.
სწორედ რეინვესტირების მოცულობის ზრდა, ანუ მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიკაში დატოვება ყველაზე მკაფიოდ მიანიშნებს ინვესტორების გაზრდილ ნდობასა და პოზიტიური განწყობაზე მთავრობის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტსა და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მთლიანად.
ტურიზმის სექტორის, ფაქტობრივად, გაჩერების ფონზე, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა მშენებლობის, კავშირგაბმულობის, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. თვალსაჩინოებისათვის, მშენებლობის სექტორში ინვესტიციები 3-ჯერ მეტადაც კი გაიზარდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში – 2-ჯერ მეტად, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები 5-ჯერ მეტადაც არის გაზრდილი.
ქვეყნების საინვესტიციო გეოგრაფიის გაფართოებაზე მიუთითებს ინვესტიციების შეფასება ქვეყნების მიხედვითაც. 2020 წლის მეორე კვარტალში, ისევე – როგორც წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა, კერძოდ, გაერთიანებული სამეფოდან და ნიდერლანდებიდან, მთლიანი ინვესტიციების 48 %, ასევე აშშ (11.7 %) და თურქეთიდან (10.8 %).
საერთო სურათი არის მეტად დადებითი, დღეს მთავარ ამოცანას გლობალური კრიზისის შედეგად, წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გამოყენება, ინვესტიციების დივერსიფიკაცია და ახალი ლოკაციების შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა როგორც საშუალო ტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური დარგების განსავითარებლად და შესაბამისად, ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, არის სავსებით სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ცხოვრების დონის ზრდას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებასაც ამავდროულად”, – წერს ექსპერტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები