ბექა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი საქართველოს პრემიერი ვერ გახდება

“მიხეილ სააკაშვილის კომიკური განცხადებები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს საარჩევნო გარემოზე გამომდინარე იქედან, რომ ის არის ამ ქვეყნის წარსული”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერი ვერ გახდება.

„მიხეილ სააკაშვილი თავისი დაპირებებით, ჩასვლა-ჩამოსვლით ერთადერთი – ეხმარება „ქართულ ოცნებას” გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ მიხეილ სააკაშვილის გამოხტომებით ცდილობს ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას მის ირგვლივ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თითქოს ერთადერთ მებრძოლ ძალად. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის კომიკური განცხადებები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს უკვე საარჩევნო გარემოზე გამომდინარე იქედან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის წარსული. ის ვერც ორი, ვერც ოთხი და ვერც ექვსი წლით ვერ გახდება საქართველოს პრემიერი, რადგან ამას ქართველი ხალხი უკვე აღარ დაუშვებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. ასევე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ – 2 წლით.

“2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. მინდა, შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, არამედ – შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები