„მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე!“- სამაჩაბლოდან დევნილი პოეტი “ცხინვალი 1920-ის” შესახებ

სამაჩაბლოდან დევნილი პოეტი, ციცინო ბაბუციძე ფილმ “ცხინვალი 1920”-ის შესახებ საუბრობს. როგორც მან განაცხადა, დროა, ისტორიის გამყალბებლებსა და ქურდებს საუკუნეში ერთხელ მაინც გაეცეთ სწორი, სამართლიანი და მიუკერძოებელი პასუხი.

„ცხინვალი – 1920! – გამიხარდა, როცა ამ ფილმის გადაღების შესახებ გავიგე. ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა და დღემდე ოსურ-რუსული მხარე 1920 წლის შეთქმულებაში საქართველოს ადანაშაულებს. ფილმი, რასაკვირველია, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იქნება გადაღებული… დადგა დრო, ისტორიის გამყალბებლებსა და ქურდებს საუკუნეში ერთხელ მაინც გაეცეთ სწორი, სამართლიანი, მიუკერძოებელი პასუხი – მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი საცხოვრებელი მოსპეს და გაანადგურეს! ისტორიასაც შლიან და ცვლიან: Xlll საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია თირის მონასტერი. ამ ტაძარში არიან დაკრძალულნი მაჩაბლები და თავხელიძეები, ვახტანგ მეექვსის შვიდი თვის ვაჟი… ჩუქურთმა ქართულია, წარწერა – ქართული (ასომთავრულიც, მხედრულიც)… და მაინც, ტურისტებს თავში უჭედავენ სიცრუეს – ალანიის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრების ძეგლიაო?! – ასე დაათვალიერებინეს იკორთის ტაძარიც!…
ფილმი, ალბათ, 20-იან წლებში მომხდარ ამბებს ასახავს, მაგრამ ვერც 2008 აგვისტოს აუვლიან გვერდს. აუცილებლად უნდა ითქვას ტაძრებსა და ციხე-კოშკების მითვისებასთან დაკავშირებული ფაქტებიც! თითქმის ყველა გვარს (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) მოუძებნეს ოსური ვარიანტი და, ამავდროულად, უკვე რუსი მკვლევარი წერილობით აცხადებს, რომ იმ ქართული სოფლების სახელები არც გაუგია… სამაგიეროდ, ახლა რომ აჩაბეთს ,,სევერნაია” ჰქვია – „დიდი ხანია”, იცის!
სხვის მიწაზე სხვისი ისტორიით ცხოვრობენ! ეს რომ ახლა არ ითქვას ხმამაღლა, კიდევ ერთ საუკუნეს მოგვიწევს არაფრის გამო თავის მართლება! გვფარავდეს უფალი!”, – აცხადებს ციცინო ბაბუციძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები