საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 29 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.