ირაკლი ჩიქოვანი: გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, წელს 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები კორცხელისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
“ულამაზეს სოფელ კორცხელში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გავაცანი. მოსახლეობა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრა. წელს კორცხელში, ისევე, როგორც მთელ სამეგრელოში, კარგი მოსავალია, რაც მთავრობის, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფერმერების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება. თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს”,-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები სოფელ ბაშში გამართა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სოფელში საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.