ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს

 

ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. მათივე ინფორმაციით, ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.

მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები