ეკატერინე ტიკარაძე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს: კონფერენციები, რომლებიც მნიშვნელოვანია, ონლაინპლატფორმაზე გადავიტანოთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს და, პანდემიის გამო, კონფერენციების ონლაინ სივრცეში ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„მოგესალმებით ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს. ამ სახის კონფერენციები ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისა და ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში მათი დანერგვისთვის.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინპლატფორმაზე გადავიტანოთ.
მაგალითისთვის, გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინპლატფორმის რეჟიმში ჩატარება.
ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინპლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვისა და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.
პანდემიასთან ბრძოლისას ჩვენ, ექიმებმა ყველა სხვა დარგის წარმომადგენელს წესების დაცვაში მაგალითი უნდა მივცეთ.
წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინსივრცეში“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.