მიხეილ ჩხენკელი: ისტორიულ ძეგლს ახალი სიცოცხლე შეეძინა, ვულოცავ ზესტაფონელებს ამ ისტორიულ სკოლაში ახალი აკადემიური ცხოვრების დაწყებას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად – ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა.

მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.

„დღეს ვესტუმრე ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წელს დასრულდა მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ სკოლაში, რომლის გარე ფასადი შენარჩუნდა და თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. შიდა სივრცე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისათვის. ისტორიულ ძეგლს ახალი სიცოცხლე შეეძინა. ვულოცავ ზესტაფონლებს ამ ისტორიულ სკოლაში ახალი აკადემიური ცხოვრების დაწყებას. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ახალგაზრდებსა და მათ განათლებაზე ზრუნვაა”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და, რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად, მან პირვანდელი სახე დაიბრუნა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ეზო და რეკრეაციული სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები