ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს დღეებში ნარჩენების მიწისქვეშა ურნებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგონ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისარგებლოს აღნიშნული ურნებით.
„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყეთ საპილოტე პროგრამა – ნარჩენების მიწისქვეშა ურნების განთავსება. გავამზადეთ სპეციალური ბროშურები და მინდა, „თბილსერვის ჯგუფსა“ და ვაკის რაიონის გამგეობას დავავალო, რომ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, ეს ბროშურები ყველა ოჯახში შევიდეს და მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ როგორ ისარგებლონ ახალი ურნებით. პირველ ეტაპზე, ნარჩენების სეპარირება აუცილებელი არ არის, რადგან კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით სრულყოფილი კანონმდებლობა გვექნება. პარალელურად, ასევე, ვმუშაობთ ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხორციელებაზე და შემდეგი ეტაპი ნარჩენების სეპარირება იქნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიწისზედა ურნები მოიხსნება და მიწისქვეშა კონტეინერებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დამონტაჟდა. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი, ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა.
კონტეინერების დასამონტაჟებლად განსაზღვრული ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება მოხდა. კერძოდ, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებისა და სხვა გამწვანებული ადგილების მდებარეობა. ასევე, კონტეინერების დამცლელი სპეციალური ტექნიკის მოძრაობისთვის საჭირო პერიმეტრი, არსებული და სამომავლოდ მოსაწყობი ინფრასტრუქტურული ობიექტების (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ნაწილების, საფეხმავლო და ველობილიკების განლაგება, გაჩერებების ადგილმდებარეობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების არსებობა და სხვა) ადგილმდებარეობა.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.